„ძლიერმა საქართველომ“ პარტიების აკრძალვისა და პოლიტიკური საქმიანობის შემზღუდავ კანონებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

„ძლიერმა საქართველომ“ პარტიების აკრძალვისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. კოალიცია კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

კოალიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა ქვეყანაში დემოკრატიის მნიშვნელოვან რღვევას იწვევს.

პრესრელიზში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე – სარჩელის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს აკრძალვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის შემდეგ მუხლებს:

  • მუხლი 23 – პოლიტიკური პარტიების თავისუფლება
  • მუხლი 25 – საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება
  • მუხლი 31 – საპროცესო უფლებები
  • მუხლი 60 – საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები

მათივე თქმით, კონსტიტუციის გარდა, ეს კანონი ეწინააღმდეგება

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს – შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას;
  • გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, რომ თითოეულ ადამიანის აქვს სხვებთან ასოციაციის უფლება და დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვა თუ ამას არ განსაზღვრავს კანონი;
  • ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის 7.6 პარაგრაფს, რომლის მიხედვითაც ეუთოს წევრები ვალდებულები არიან, დაიცვან ინდივიდების უფლება, შექმნან პოლიტიკური პარტიები და ეწეოდნენ პოლიტიკურ საქმიანობას.

„ოცნების“ მიერ მიღებული კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარმდგენის მოთხოვნის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება, აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ პირს აუკრძალოს:

  • პარტიის შექმნა;
  •  პოლიტიკური პარტიის წევრობა;
  • პარტიის ორგანოს წევრობა;
  •  პარტიული თანამდებობის დაკავება;
  •  არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა [პასიური საარჩევნო უფლება];
  •  არჩეული ორგანოს წევრის/არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენა;
  •  პოლიტიკური თანამდებობის დაკავება;
  •  კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელობა;

თუ მოსარჩელე მოითხოვს, საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება ასევე გამოიწვევს:

  • აკრძალული პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას;
  • სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას.

რეგისტრაციაზე უარი ეთქმება ისეთ პარტიას, რომლის სიაშიც იქნება ისეთი პირი, რომელსაც პარტიული საქმიანობა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავება აკრძალული აქვს.

პარტიას, რომელიც სიაში შეიყვანს ასეთ პირს, ჯარიმა დაეკისრება.

დაუშვებელი იქნება საპარლამენტო სიებსა თუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიებში ისეთი პირის შეყვანა, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა აკრძალული აქვს. ცესკო ასეთ პარტიებს არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაციაში არ გაატარებს. ანალოგიური აკრძალვა იმოქმედებს მერობის კანდიდატების შემთხვევაშიც.

ვინ არის „პარტიასთან დაკავშირებული პირი“

კანონპროექტის წარმდგენმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ ასეთ პირებს შორის „ოცნებამ“ შეიძლება დაასახელოს არა მხოლოდ კონკრეტული პარტიების წევრები, არამედ ის პირებიც, რომელთა საქმიანობაც, გორდულაძის თქმით, თანხვედრაშია პარტიის მიზნებთან.

საკონსტიტუციო სასამართლო თითოეული პირისთვის საქმიანობის აკრძალვაზე ინდივიდუალურად იმსჯელებს. იმოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი – ამ პირებს სასამართლოში საკუთარი პოზიციის წარდგენა შეეძლებათ.

ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. საჯარო განცხადებებით ცნობილია, რომ სარჩელს საფუძვლად უნდა დაედოს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაც. „ოცნების“ წევრების თქმით, სარჩელის ტექსტი თითქმის დასრულებულია და მასში დასაბუთებულად აისახება ის „დანაშაულები“, რომლებსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ქვეყნის წინაშე სჩადის. ამ კონტექსტში ახსენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებსაც.

სარჩელის წარდგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტული პარტიების კონსტიტუციურობასა და პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვაზე იმსჯელებს.

რა საფუძვლით შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის აკრძალვა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:

  • საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
  • ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
  • აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
  • ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებით პარტიის შექმნა და საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციითაა დაუშვებელი (მუხლი 23).

13 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი (მათ შორის, პერსონალური შემადგენლობა ან/და შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა) არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს (მათ შორის, პერსონალურ შემადგენლობას).