პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია, კობახიძის თქმით, ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.
„მინდა, ვისაუბრო შეტევის ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. ხედავთ, გამოარჩიეს რამდენიმე, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, რომ დაანგრიონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც არის სახეზე.
ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე II-ს – პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან დავით აღმაშენებელს – შვილების და შვილიშვილების აღზრდას… ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ერთგვარი ყინულმჭრელის როლს. ესენი არიან პირველ რიგში ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული ზიზღი ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი, არ ვიცით, მაგრამ ეს არის სამწუხარო ფაქტი.
ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც, შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნში შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო.
ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი, ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი აგრძელებენ კამპანიას, რომელიც ნაცმოძრაობამ დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ.
მათ კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად, იმისთვის, რომ შეარყიო ეროვნული იდენტობა, უნდა შეეხო ყველაზე წმინდას, რაზეც ეს იდენტობა დგას და ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა ამ ერის დიდი წინაპრები, მისი სარწმუნოება, მისი ეკლესია და სწორედ აქედან გამომდინარე არიან შეტევის შტურმის მთავარი ობიექტები.
იმისთვის, რომ გადააგვარო ადამიანი, უარი უნდა ათქმევინო საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და მარტივია მათი სტრატეგია.
ისინი იბრძვიან ჩვენი ქვეყნისა და ერის ფესვებს და ყველამ ვიცით, რომ ნაცმოძრაობა არის კოლექტიური დოქსოპულო, კოლექტიური ბერბიჭაშვილი. ეს ადამიანები – ბერძენიშვილები, სააკაშვილები, ბოკერიები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები, რომლებიც ცდილობენ, პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი წინაპრები, ბოლშევიკები უროთი ანგრევდნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი წარმატება ამ გზაზე, რასაც ჰქვია ეროვნული იდენტობის ნგრევა, იყოს ნულოვანი და ამაზე ვართ პასუხისმგებელი ქვეყნის, ერის, ხალხის წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.