თბილისის საქალაქო სასამართლომ გუგა და დავით კაკულიები დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
მოსამართლემ პროკურატურის წარდგენილი ბრალდება ნაწილობრივ გაიზიარა, კერძოდ, ძმებს ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების ნაწილში მოსამართლემ ძმები მხოლოდ იარაღის ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.
კაკულიები დამნაშავედ ცნეს საზღვრის უკანონო კვეთაში.
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ორივე მხარე გაასაჩივრებს.
ძმები კაკულიები თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შემდეგ დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ძმებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით 1 პირს მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მათ უკანონოდ გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი და მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს და ფლობდნენ იარაღს.
მათ ბრალდება ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთის მუხლებით წარედგინათ.