ძმები თორაძეების საქმეზე პროკურატურამ თამარ თორაძის დაკითხვისთვის აშშ-ს მიმართა

პუბლიკა

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, ისინი აშშ-ს მიმართავენ თამარ თორაძის დაკითხვისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის საკითხზე. უწყებაში ამბობენ, რომ თამარ თორაძემ პროკურატურას ძმები თორაძეების საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართა და შესაბამისად, მისი დაკითხვა უნდა მოხდეს. თამარ თორაძე ამერიკის მოქალაქეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მხოლოდ იმას, რომ ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. რაც შეეხება თამარ თორაძის ახალ განცხადებას, ის დაერთო საქმეზე და ამ გამოძიების ფარგლებში მოხდება თამარ თორაძის გამოკითხვა.

თორაძეების ოჯახის წევრების მკვლელობა 1992 წელს მოხდა. ოჯახის 5 წევრი მოკლეს, კიდევ 2 წევრი კი დაკარგულად ითვლება. საქმე გამოძიებული არ არის. თორაძეების ოჯახის წევრი თამარ თორაძე ამერიკაში ცხოვრობს. როგორც ის აცხადებს, მისი ოჯახის წევრები გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მოკლა.

„მთავარი არხის” ერთი-ერთი მეწილე გიორგი რურუა ამჟამად ბრალდებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით და პატიმრობაში იმყოფება.  ის 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.