ძველი ინფორმაცია არ წაგვიშლია, შევინახეთ - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური ყოფილი სახელმწიფო ინსპეტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ სამსახურის საიტზე ძველი ინფორმაცია წაიშალა.

„დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო 2022 წლის 1 მარტს შეიქმნა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე დანაშაულთა საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოდ განისაზღვრა. 1 მარტიდან, ასევე დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

www.sis.gov.ge – გახლდათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი საიტი, რომელიც სამსახურის ორ მიმართულებას აერთიანებდა სხვადასხვა დომენზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საიტის განახლება, რომლის პროცესშიც საიტზე არსებული ყველა ძველი ინფორმაცია შენახულია, მისი წაშლა არ მომხდარა და საიტის რეკონსტრუქციიდან გამომდინარე დროებით მიუწვდომელია.

საიტის განახლების პროცესის დასრულების შემდეგ, ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რაც ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებას, კვლავ აისახება საიტზე და იგი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის”. – ვკითხულობთ განცხადებაში.