საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ „რუსეთი ოკუპანტი და მტერია”. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ დაარსების დღიდან მონაწილეობს და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო ეკონომიკური საკითხები განიხილება.
„ეს არის ინიციატივა, რომლის წევრიც საქართველოსთან ერთად არის, მათ შორის, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა. საქართველო ამ ფორუმში მონაწილეობდა ფიზიკურად ყოველ ჯერზე ფორუმის არსებობის დღიდან და ამ ფორუმში მონაწილეობდა, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაც თითქმის ყოველთვის. ახლა თუ ვინმეს უნდა იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს რაიმენაირი ფორმით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს და რაიმენაირ ფარულ დიალოგშია, ცალსახად და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაგვითმია. თუ გვინდა, რომ თავისი სახელები დავარქვათ და მკაფიოდ ვისაუბროთ ოკუპაციაზე – დიახ, მე გეუბნებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, დიახ, რუსეთი მტერია, დიახ, რუსეთი დამნაშავეა და რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ. პირიქით, ჩვენ გვაქვს დიალოგი, იმისთვის რომ საქართველოს ინტერესებს ვემსახუროთ მაქსიმალურად და ამას ცალსახად ვამბობ”, – განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას ჩინეთში გამართულ ფორუმში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, დავითაშვილის განმარტებით, ფორუმზე საქართველო ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა.
„ჩვენი დასწრება იყო პატივისცემა ჩინეთის სახელმწიფოს მიმართ და ეს იყო პირდაპირ პრეზიდენტ სი ძინპინის პირადი მოწვევა. ფორუმზე და მათ შორის, კომისიის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა იყო უმაღლეს დონეზე მხარდაჭერილი ჩინეთის სახელმწიფოს მიერ და ჩვენი მხრიდან ამ მოწვევის იგნორირება იქნებოდა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, იმ დინამიკიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ჩინეთთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით,“ – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი 17-18 ოქტომბერს ჩინეთში ბანკეტს ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო და მის სიტყვასაც მოუსმინა. ინფორმაცია თავდაპირველად „ტაბულამ” გაავრცელა.
ჩინეთში „სარტყლისა და გზის ფორუმი” გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ბანკეტიც.
17 ოქტომბერს გამართული ბანკეტის ვიდეოში ჩანს, რომ სტუმრები უსმენენ ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძიპინის სიტყვით გამოსვლას. სტუმრებს შორის არიან როგორც ვლადიმირ პუტინი, ისე ლევან დავითაშვილი, ასევე, საქართველოს ელჩი ჩინეთში, არჩილ კალანდია.
რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი.
18 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე კი სიტყვით გამოვიდნენ როგორც სი ძიპინი, ისე ვლადიმირ პუტინი. ლევან დავითაშვილი და არჩილ კალანდია ორივე მათგანის გამოსვლას დაესწრნენ.