ე.წ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე საქართველოს ორ მოქალაქეს 19 წლით, ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, საქალაქო სასამართლომ „ბავშვთა პორნოგრაფიის“ საქმეზე ავსტრალიის ერთი და საქართველოს ორი მოქალაქე ბრალდების ყველა ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და საქართველოს მოქალაქეებს 19-19 წლით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ავსტრალიის მოქალაქეს – 20 წლით.

სასამართლომ აღნიშნული პირები დამნაშავედ ცნო  ორგანიზებული ჯგუფის მიერ 5 არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება, გასაღებაში, დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა და 255-ე მუხლებით.

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება სასამართლო განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.