ე.წ ჩორჩანას საქმეზე ალექსანდრე ტაბატაძე, კახი კახიშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხნენ

პუბლიკა

ე.წ ჩორჩანას საქმეზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახი კახიშვილი და შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გამოიკითხნენ.

ბრალდების მხარის თქმით, „სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ არ იყვნენ ინფორმირებული აღნიშნული საგუშაგოს აგებასთან დაკავშირებით”. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი გახარიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად.

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის კახი კახიშვილის თქმით, მან ჩორჩანაში საგუშაგოს მშენებლობაზე არაფერი იცოდა და „ეს ფაქტი პოსტფაქტუმ მასმედიის მეშვეობით” შეიტყო. ამის შესახებ მან სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. 

კახიშვილის თქმით, კითხვა ეხებოდა, იყო თუ არა აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კორესპონდენცია შესული. მისივე განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ შემოსულა.

„ვერც მეტყოდა, არც მეტყოდა” – კახი კახიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისგან დამოუკიდებლად, პრემიერ-მინისტრს კონკრეტულ მინისტრთან ჰქონოდა კომუნიკაცია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმღვანელი ამბობს, თუ არ იქნებოდა, პირობითად, პრემიერ-მინისტრის თხოვნა, რომ კონკრეტული საკითხების განხილვას დასწრებოდა, პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ვერ ერეოდა. 

„რაც შეეხება კონკრეტულად მინისტრის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ცალკე კომუნიკაციაც აქვთ და შეიძლება დღეში ათჯერაც ჰქონდეთ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა არც იცის და ვერც ეცოდინება იმიტომ, რომ ასეთი ფორმატი არასდროს არ არის ცნობილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა იცის მხოლოდ ის, რაც ოფიციალურად, დოკუმენტურად შემოდის წერილის სახით ან განხილვის თხოვნით, ოღონდ წერილობით” – განუცხადა მედიას კახიშვილმა | „ინტერპრესნიუსი”

დღეს კახიშვილმა მედიასთან ვერ დაადასტურა, ჰქონდა თუ არა მამუკა ბახტაძეს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია და არც მისი ინფორმირებულობა გამორიცხა. „ვერ გამოვრიცხავ, როგორ შეიძლება გამოვრიცხო ის, რაც არ ვიცი“, – უთხრა კახიშვილმა მედიას.

ე.წ ჩორჩანას საქმეზე სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა გიორგი ხოჯევანიშვილმაც. მისი თქმით, მას არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება და სასამართლოს ინფორმაცია მისი კომპეტენციის ფარგლებში მიაწოდა. შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მას წინასწარ ინფრომაცია საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით არ ჰქონია. 

„წინასწარ მსგავსი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია საგუშაგოს შენებას გეგმავდა, მე არც უნდა მქონოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პოლიციური, ოპერატიული ღონისძიება. შესაბამისად, მე არ წარმოვადგენდი იმ ორგანოს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა ჰქონოდა” – განაცხადა მედიასთან გიორგი ხოჯევანიშვილმა | „ინტერპრესნიუსი”.

დღეს ხოჯევანიშვილმა ასევე თქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან მისი გუბერნატორობის პერიოდშიც იყო მოქალაქეების დაკავების შემთხვევები.

ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოზე გამოკითხა სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

პროკურატურამ გიორგი გახარიას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის 24 აგვისტოს გიორგი გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებისა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება. შედეგად, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები, რასაც შეიარაღებული კონფლიქტის რეალური საფრთხე მოჰყვა.

2019 წლის აგვისტოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჩორჩანის ტყეში, ოკუპირებულ სოფელ წნელისთან ახლოს, დამატებითი საპოლიციო საგუშაგო განათავსა. ამის პარალელურად, სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

29 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა ერგნეთის IPRM შეხვედრა ჩაშალა და ქართული საგუშაგოს გატანა მოითხოვა. ქართულმა მხარემ მოთხოვნა არ შეასრულა და საგუშაგოს გამაგრება გააგრძელა. იმავე პერიოდში ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

30 აგვისტოს ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა წნელისში შეიარაღებული ძალები გადაისროლა, ხოლო ოკუპირებული წნელისიდან შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩორჩანის ტყეში გზა გაიყვანა და ორი საგუშაგო მოაწყო.