ე.წ. გარეჯის საქმეზე პროკურატურაში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა

პუბლიკა

ე.წ. დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

როგორც „პუბლიკას“ პროკურატურაში განუმარტეს, ირაკლი ღარიბაშვილი უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის უგულებელყოფა და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყნებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის, ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც გამოძიებას წარუდგინეს. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიკითხა თავდაცვის მინისტრი“, – განუცხადეს „პუბლიკას“ პროკურატურაში.


პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკვა.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.