ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებულია საქართველოს 2 მოქალაქე, დაავადება აქვთ მსუბუქად - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან დაკავშირებით ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განმარტება გააკეთა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5 ინფიცირებულიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. 5-ვეს აქვს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია, ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ.

გამყრელიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, 3-მა უცხოელმა უკვე დატოვა ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეებზე კი მიმდინარეობს მეთვალყურეობა, ისინი სახლში მკურნალობენ და დაავადება მსუბუქი ფორმით აქვთ.

გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების კონტაქტები გამოკვლეულია და ისინიც იზოლირებულები არიან.

ამირან გამყრელიძის თქმით, 3 პაციენტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა და 5-ვე საქართველოში ერთი და იგივე ქვეყნიდან შემოვიდა.

დაავადებათა კონტრლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პანიკაში ნუ ჩაცვივდებიან. მისი განმარტებით, ვირუსმა ბევრი მუტაცია განიცადა.

გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მკაცრი მარეგულირებლების და ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინები ფარავენ შტამებს, რომლებიც დღეს ცირკულირებს მსოფლიოში.

„ინდური შტამი არაფერს განსაკუთრებულს არ იწვევს, როგორც ბრიტანული შტამი, ერთადერთ აქვს მასაც, რომ შედარებით ადვილად ვრცელდება. კორონავირუსის ყველა შტამებს აქვთ დაახლოებით ერთნაირი მიმდინარეობა, ბრიტანულს და ინდურს განსხვავებით სხვისგან აქვთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკშიც შედარებით სწრაფად ვრცელდება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, დიდი განსხვავება ამ სხვადასხვა შტამებს შორის არ გახლავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.