ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ მალხაზ მიქელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

პუბლიკა

მალხაზ მიქელაძე, რომელიც 2004-2005 წლებში საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობდა, პროკურატურაში გამოკთხვაზე იმყოფება. მიქელაძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთადაა მისული.

გამოკითხვაზე შესვლამდე, მალხაზ მიქელაძემ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ვიდეოჩანაწერი მისთვის რაიმე ბრალდების დამადასტურებელი არ არის. შეკითხვაზე – იმოქმედა თუ არა 2006-2007 წელს სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიამ საქართველოს საზიანო პოზიციით? –  მიქელაძემ აღნიშნა, რომ „ბრალდების მხარეს მთლიანობაში გაკეთებული ჰქონდა ისეთი კომენტარები, რომ არასწორი აღქმა წარმოიშვა“.

ასევე, მიქელაძის ადვოკატი ივანე ჩიტაშვილი ამბობს, რომ ის არ ელოდება მალხაზ მიქელაძისთვის მოწმის სტატუსის ბრალდებულის სტატუსით შეცვლას.

„ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რა კითხვები აქვს საგამოძიებო ორგანოს. ჩვენ მზად ვართ, დასმულ კითხვებს ვუპასუხოთ. შეიძლება, გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდებოდეს ფარულ ვიდეოჩანაწერს; შეიძლება, სხვა კითხვებიც ჰქონდეთ. ამ ვიდეოჩანაწერით, მალხაზ მიქელაძის ბრალეულობა არ დასტურდება, მას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ აქვს. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მას ბრალს წარუდგენენ, თუმცა დღეს როგორც გამომძიებელმა განმარტა, რომ ის დაბარებულია მოწმის სახით“, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

2004-2005 წლებში მიქელაძე საზღვრის დამდგენ კომისიას ხელმძღვანელობდა. ახლა კი, კომისიის მოქმედი წევრი და მოქმედი თავმჯდომარის, ლაშა დარსალიას მოადგილეა.