ე.წ. კომენდანტის საათზე მოქალაქეები ინფორმირებულები იყვნენ და ღამემ მშვიდად ჩაიარა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული რეგულაციების კონტროლს, რომელიც გუშინ 21 საათზე დაიწყო და დღეს დილის 6 საათამდე გაგრძელდა პოლიიცის შესაბამისი დანაყოფები ახორციელებდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. შეზღუდვა არ შეეხო სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტებს, რომელთა სამუშაოს შესრულება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო დროის აღნიშნულ მონაკვეთში.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმირებულნი იყვნენ საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციების შესახებ, შესაბამისად ღამემ მშვიდად ჩაიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.