საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ მათი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება „ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება“ იქნება.
„გასული თვეების მანძილზე, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ კითხვებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაინტერესებდა, ემიჯნებოდა თუ არა ის მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და სხვა ქმედებებს, რომლებსაც საელჩოს კეთილგანწყობით თუ დაფინანსებით მოსარგებლე პოლიტიკოსები და ენჯეოები სრულიად ღიად და დაუფარავად ახორციელებდნენ. ჩვენი მიზანი იყო, საზოგადოებაში გაჩენილიყო რწმენა, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებისა და საქართველოში ომის გაჩაღების მცდელობასთან საელჩოს კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პასუხად მივიღეთ კითხვების იგნორირება და უხეში შეურაცხყოფა, რაც, სამწუხაროდ, საზოგადოებისთვის სწორედ რომ საპირისპირო სიგნალის გაგზავნას ნიშნავს.
თუმცა, დღეს ელჩის რეაქციის ამ ასპექტზე არ გავამახვილებთ ყურადღებას. დღეს საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ დამოკიდებულებაზე, რომელსაც საელჩო და მისი ფავორიტები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ავლენენ. ეს არის დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, გარდა საელჩოს წარმომადგენლებისა და აგენტებისა, არავის არავითარი ფასი არა აქვს. ყველა ვალდებულია, ბრმად დაიჯეროს ის, რასაც საელჩო ამბობს. არავის არა აქვს არათუ კრიტიკის, არამედ კითხვის დასმის უფლებაც კი. პასუხს არ სცემენ არცერთ შეკითხვას, საერთოდ არ ცდილობენ არაფრის არგუმენტირებას, უბრალოდ, გეუბნებიან, რომ უნდა გაჩუმდე და ასე დაელოდო მოვლენების განვითარებას, მაშინაც კი, როდესაც ეს მოვლენები შენი ქვეყნის განადგურების საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს. ეს არის, ერთი მხრივ, სრულიად შეურაცხმყოფელი და არაპარტნიორული დამოკიდებულების გამოვლინება და მეორე მხრივ, იმ მოდელის მკაფიო ილუსტრაცია, რომლის დანერგვასაც ლიბერალიზმის სახელით ცდილობენ და რომელსაც ჭეშმარიტ ლიბერალიზმთან და თავისუფლების იდეასთან არავითარი საერთო არა აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.
დეპუტატები ფიქრობენ, რომ, თუ რაიმეს შეუძლია საქართველოში შემწყნარებლობის საწინააღმდეგო განწყობის გაღვივება, ეს სწორედ ის აგრესიული პროპაგანდაა, რომელსაც ე.წ. ლიბერალები აწარმოებენ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული აგრესიული პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების ხელოვნურად გაღვივებასაც უწყობს ხელს, რაც მათთვის მიუღებელია.
„გვპირდებიან, რომ მიგვიღებენ „ტრადიციებით ევროპაში“, თუმცა, ე.წ. ლიბერალები ამავდროულად პირდაპირ და უხეშად ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველა ინსტიტუტს, რომელიც ამ ტრადიციებს გამოხატავს. ე.წ. ლიბერალების ერთ-ერთი მთავარი თავდასხმის ობიექტი სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელიც მათ, როგორც ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების სადარაჯოზე მყოფი ძლიერი ინსტიტუტი, საკუთარი აგრესიული იდეოლოგიის ბუნებრივ ოპონენტად ესახებათ და შესაბამისად, სხვადასხვა მეთოდითა და ფორმით, მას აქტიურად ებრძვიან.
ქართველი ხალხის სურვილი და მიზანი სწორედ ტრადიციებით და არა ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების დათმობის თუ დაგმობის ხარჯზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაა. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ღირებულებებს მტრობს, ქართველი ხალხის ამ სურვილსა და ამოცანას პირდაპირ და უხეშად უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. ლიბერალების მიერ წარმოებული აგრესიული კამპანიის მხილება ჩვენი სამომავლო საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.