ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ საქმეზე დაკავებულის მამა შვილის მიმართ ბრალდებას ეხმაურება

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას სამართლადამცავებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მას და მის შვილს კონფლიქტი აქვთ.

ბექა გრიგორიადისი აღნიშნულს მისი შვილის „გაშავების პროცესს“ უწოდებს.

„სანამ ვინმე შვილს რამეში დაადანაშაულებთ, გირჩევთ, გაარკვიოთ და მერე წერეთ და იკითხეთ და საერთოდ იქნებ მე ვარ უვარგისი მამა. რატომ უფუჭებთ ბავშვს მომავალს, რატომ ტლიკინებთ იქ სადაც არ გეხებათ, ლაზარე არის ახალი თაობის წარმომადგენელი და ის ფიქრობს თავისებურად, მე ვაფასებ ყველა ახალგაზრდა ადამიანის უფლებებს და სოცმხედველობას, მინდა შევახსენო მთავრობას ნუ გადაიმტერებთ ახალგაზრდა თაობას. ჩემი მოთხოვნაა, თავისუფლება ყველა უკანონოდ დაკავებულ ადამიანს“, – წერს ის.

ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ მათ სახლში ლაზარეს მამა რამდენჯერმე მიუვარდა.

„მუხლი რომ აქვს მამამისზე თავდასხმა — პირიქით, ის მოგვივარდა სახლში. გაშორებულები არიან ჩემი შვილი და მამამისი. პირიქით, ის მოგვივარდა სახლში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… გვლანძღავდა, გვაგინებდა. ერთხელაც კარი გაუღო, შეტაკება მოხდა და დაჭრა მამამისი“, – ამბობს ის.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებულია, მისი ოჯახის წევრის ცნობით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს 2020 წელს ცესკოსთან აქციაზე, როცა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

ლაზარე გრიგორიადისის მიმართ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

„პუბლიკა“ დაკავებულის მეგობარს ესაუბრა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს დაკავებამდე ლ.გ. იმყოფებოდა მასთან და მისი სახლიდან გასვლის შემდეგ, ნახევარ საათში, სხვა მეგობრის სახლში დააკავეს, მის სახლში კი პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მეგობრის თქმით, პოლიცია ლ.გ. მაისურს და ნიღაბს ეძებდა, თუმცა ვერაფერი ამოიღეს.

„პუბლიკა“ ლ.გ.-ს ოჯახის წევრსაც ესაუბრა. ბაბუის თქმით, გუშინ, ღამის 12 საათზე მივიდა პოლიცია მათთან სახლში. ორდერის საფუძველზე ჩაატარეს ჩხრეკა. „წაიღეს ტანსაცმელი,  ჰუდი და გაფუჭებული ტელეფონი. ჯერ ადვოკატი არ ჰყავს, მისი ოჯახის წევრი მხოლოდ მე ვარ.“ – განუცხადა „პუბლიკას“ დაკავებულის ბაბუამ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ერთი პირი, რომელმაც 7-9 მარტს გამართული აქციების დროს, შსს-ს განცხადებით, პოლიციელებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.

„2002 წელს დაბადებული, წარსულში პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სახდელდადებული, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე და 11 პრიმა 187-ე მუხლებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემული და ამჟამად განსასჯელი ლ.გ. პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.გ.-მ მიმდინარე წლის 7,8,9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა“, – აცხადებს შსს.

უწყების მტკიცებით, დაკავებულმა ასევე ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

„აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

7,8,9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მაშინვე დაიწყო და გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ყველა იმ პირის დაკავების მიზნით, რომლებმაც განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა სამართალდარღვევები“, – აცხადებს შსს.