საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინეს.
მათივე ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების – 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.
„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. „ქოლცენტრის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, თავიანთი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ვალუტებისა და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებელს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ მათგან გამოყოფილი თანხის განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე“, – ამბობენ პროკურატურაში.
დანაშაული სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე ამ ეტაპისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებზე – 24 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები.