ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ ე.წ.  ქოლცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურორ ბექა კვიციანის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის საბანკო ანგარიშებზე „მორგან ლიმიტედის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიერ თანხის ჩარიცხვის საქმეზე დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ქოლცენტრის არაოფიციალური მეწილეების, ელდარ ბინიაშვილის და დავით თოდუას მიმართ.

„როგორც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განვაცხადეთ, საქართველოს პროკურატურა ევროპელი კოლეგების ჩართულობით აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიებას, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს დაუფლებასა და შემდგომში გათეთრებაში ჩართული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს, რის შემდეგაც აღნიშნული თანხების ლეგალიზება განახორციელეს, მათ შორის „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები – ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ. ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის. ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

გამოძიების მიერ ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი – უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დღეს, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დავაკავეთ.

დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და უქმნიდნენ მათ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. თავის მხრივ სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ“, – აცხადებს პროკურატურა.