გენერალური პროკურატურის განცხადებით, თაღლითური ქოლცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, 3 თებერვალს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, თაღლითური ქოლცენტრების მოწყობის საქმეს შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად იძიებენ. გამოძიების ფარგლებში 2023 წლის 18 ივლისს და წელს, 1 თებერვალს თბილისში სხვადასხვა ადგილას თაღლითური ქოლცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა ჩატარდა.
ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან კი გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებგვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხას მოტყუებით ეუფლებოდნენ და ათეთრებდნენ.
„აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.