მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ე.წ. რიყის დოქების აუქციონზე გატანას გეგმავს. შენობის საწყისი ფასი 95 მლნ ლარი იქნება.
„უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ჩვენს საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. თავის დროზე ძვირი დაჯდა მშენებლობა. დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი ფუნქცია. არადა თვალსაჩინო ადგილას არის განთავსებული. სწორი იქნება, რომ შევეცადოთ, ბიზნესთან პარტნიორობაში ვუპოვოთ სწორი გამოყენება ამ ობიექტს. ფასი 95 მლნ ლარია და აუქციონით გავტესტავთ, რამდენად რელევანტურია ეს ფასი“, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამავე ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო აუქციონზე წიაღისეულის ლიცენზირების გატანასაც გეგმავს.
„უკვე 50 მლნ ლარამდეა შესული სახელმწიფო ბიუჯეტში ამ „100 შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა, რომ გასული წელი პრივატიზების მხრივ გადაჭარბებით დავასრულეთ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაფართოვოთ არეალი და მოვიცვათ არა მხოლოდ სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზირების აუქციონებიც. ეს აუქციონები ტრანსფარენტულად იმართება, მაგრამ უფრო მასშტაბურად მომზადდება 100 პარალელური აუქციონი. წიაღისეულის აუქციონი იქნება გამჭირვალე. სიახლე იქნება ვალდებულებები გადამუშავებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩვენი წიაღისეულის არა მხოლოდ მოპოვება და ამ ფორმით გასვლა ექსპორტზე, არამედ ის, რომ ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში. ამ გადამუშავების მოთხოვნის გამო, სულ მცირე, 120 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება, გადამამუშავებელ სიმძლავრეებზე და 1200 სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ პროგრამის ფარგლებში. გამოტანილ ობიექტებზე იქნება უფრო მაღალი სტანდარტი ეკოლოგიისა და გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის მხრივ, – განაცხადა თურნავამ.