ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, „საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი პროკურატურამ 8 ნოემბერს წაუყენა.
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
პროკურორის განცხადებით, დანარჩენი 6 პირის მიმართ სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე მიმართეს.
„ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.” – განაცხადა პროკურორმა.