ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდათ

პუბლიკა

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდათ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ედავება, რომ 2024 წლის ოქტომბერში, „საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიების დამარცხების შემდგომ, ქუჩაში პროცესის რადიკალიზაციისთვის, საჯაროდ აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციაზე“ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ფაქტზე, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.” – განაცხადა პროკურორმა.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა.

„საერთოდ არ გრძნობენ პასუხისმგებლობას მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, იციან, მოსამართლე დაუდასტურებს. არც კი იწუხებენ თავს, რომ მეტ-ნაკლებად გამართონ ესა თუ ის ბრალი“, – ამბობს ჯაფარიძე.

 „მე მგონი, ყველაფერი ნათელია, სამწუხაროდ. „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო პროცესის ტრანსლირება აკრძალა, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ყველას ენახა, რა უმსგავსობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, აქაც წინა ხელისუფლების საუკეთესო ტრადიციებში, როდესაც აკრძალული იყო სასამართლო პროცესების გადაცემა მედიით, ახლაც აკრძალა „ქართულმა ოცნებამ“, რათა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ვერ ნახონ, თუ როგორ ხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა.

რაც შეეხება ბრალის წაყენებას, ეს ხომ ხელის გულზე დევს – ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორების საუკეთესო მაგალითი, როდესაც არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეც არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს იმ უმსგავსო ბრალდებას, რომელიც პროკურატურამ პირადად მე და მამუკა ხაზარაძეს წაგვიყენა“,- ამბობ ჯაფარიძე.

ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალი პროკურატურამ 8 ნოემბერს წაუყენა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. პროკურორის განცხადებით, დანარჩენი 6 პირის მიმართ სასამართლოს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე მიმართეს.