დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონეფერნციაზე, კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 24 საათში 26 შემთხვევა დადასტურდა და აქედან 18 უკავშირდება ყველაზე ცხელ წერტილს ქვეყანაში, ბოლნისის რაიონს.
„გუშინაც და გუშინწინაც მოგახსენეთ, რომ პარასკევს სოფელ მუშევანში გვქონდა დიდი აქცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სადაც თითქმის მთელი სოფელი – 574 ადამიანი იქნა გამოკვლეული. აქედან გუშინ დადასტურდა 18 შემთხვევა, აქედან 17 არის მუშევანიდან და 1 გახლავთ უკვე კონტაქტი, სამედიცინო დაწესებულების მძღოლი ბოლნისიდან.
4 არის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, სადაც ჩვენ გამოვიკვლიეთ დაახლოებით 100-მდე კონტაქტი პირველადი ინფიცირებულისა და იქედან დაგვიდასტურდა 4 შემთხვევაში დადებითი. დანარჩენი 4 კი არის საკარნტინო ზონებიდან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 783 შემთხვევაა, 605 გამოჯანმრთელებული, 12 კი გარდაცვლილი.