ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ: თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გამოძიებას ბოლომდე მივიყვანთ

პუბლიკა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სსკ -ის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) გამოძიებას განაგრძობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ ცნობით, მეარაყიშვილი ქართულ სპეცსამსახურებთან სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის მიზნით  თანამშრომლობდა. 

საოკუპაციო რეჟიმის თქმით, თამარ მეარაყიშვილის თითოეული ნაბიჯი უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ იყო კოორდინირებული და ქართული მხარის ინტერესებს ემსახურებოდა.  ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, მეარაყიშვილს კავშირები ჰქონდა ხელისუფლების ახლანდელ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გამოავლინა მისი მრავალრიცხოვანი კონტაქტები, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელ მამუკა მდინარაძესთან, პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილთან, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. ასევე საქართველოს სპეციალური სამსახურების, სახელმწიფო ორგანოებისა და ადმინისტრაციის სხვა მრავალ წარმომადგენელთან.

„დადგენილია, რომ თ.ა. მეარაყიშვილი გადაბირებული იყო საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მტრის ინტერესებში სადაზვერვო და სხვა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად. დივერსიული საქმიანობის საწყის ეტაპზე მისთვის დაკისრებული იყო დავალება – შეეგროვებინა და გადაეცა ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას. თ.ა. მეარაყიშვილი გადასცემდა ინფორმაციას პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების, მათი განლაგების ადგილებისა და რუსეთის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. იგი ფარულად იწერდა თანამდებობის პირებთან გამართულ საუბრებს (რომლებიც საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ) შემდგომში მათ მაკომპრომეტირებელ მასალად გამოყენების მიზნით და მიზანმიმართულად ამყარებდა ახლო ურთიერთობებს ინფორმაციის მოპოვებისა და დივერსიული გეგმების განსახორციელებლად” – წერია ე.წ სამხრეთ ოსეთის  КГБ-ს ოფიციალურ განცხადებაში.

ოკუპურებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი წერს, რომ თამარ მეარაყიშვილი, ქართული მხარის ინიციატივით, ინფორმაციის წყარო იყო სტრუქტურებისთვის:

– საინფორმაციო სააგენტო Voice of America;

– რადიო „ეხო კავკაზა“, რომელიც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით 2022 წლის 24 თებერვალს შეტანილია „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში, რომელიც ფინანსდება დასავლური სააგენტოების მიერ და მიმართულია რუსეთის ფედერაციისა და მის მეგობარ სახელმწიფოებში დივერსიული საქმიანობისკენ;

– ონლაინმედია „კავკასიური კვანძი“, რომელიც ასევე ფინანსდება დასავლური სააგენტოების მიერ და მიზნად ისახავს დივერსიულ საქმიანობას რუსეთის ფედერაციისა და მის მეგობარ სახელმწიფოებში;

– არასამთავრობო ორგანიზაცია „კამარა“ (ადრე ხელმძღვანელობდა ნათია ფანჯიკიძე — საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე);

-„სტუდენტებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდული ცენტრი“, ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ და ფინანსდება უცხოური ორგანიზაცია „KOBERM“-ის მიერ;

– უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert;

– თანამშრომლობდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან, სადაც მოამზადა ანგარიში თემაზე: „ორი მხარის დაკარგული შესაძლებლობები: სამართლებრივი და სოციალური გამოწვევები გალსა და ახალგორში”, რომელიც შემდგომ ბრიტანულმა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა. აღნიშნულ მასალაში თ.ა. მეარაყიშვილი ღიად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს 2008 წლის შემდეგ „დაკარგული ტერიტორიების“ მის იურისდიქციაში დაბრუნების საკითხში“ – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც სამხრეთ ოსეთის KGB წერს, მეარაყიშვილი არაერთხელ ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებს, რომელზეც ის თითქოს სამხრეთ ოსეთის მხარეს წარმოადგენდა, თუმცა „ცხინვალის რეჟიმის“ თქმით, ის მიზანმიმართულად ამახინჯებდა ინფორმაციას ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესების შესახებ, რითაც დისკრედიტაციას უწევდა „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

„სამხრეთ ოსეთის“ КГБ წერს, რომ თამარ მეარაყიშვილის დივერსიული საქმიანობის მეორე ეტაპი ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მმართველ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, საკანონმდებლო და სამართალდამცავ სტრუქტურებში შეღწევას მოიაზრებდა. 

„კომიტეტმა დაადგინა თ. ა. მეარაყიშვილის მჭიდრო კავშირები რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. სამოქალაქო აქტივისტისა და „სამართლიანობისთვის მებრძოლის“ ნიღბით, თ.ა. მეარაყიშვილი პირადად აქვეყნებდა სოციალურ ქსელებში ოპოზიციური შინაარსის მასალებს, რომლებიც მიზნად ისახავდა რესპუბლიკის სახელმწიფო მოწყობის, მისი მოკავშირე ურთიერთობების რუსეთის ფედერაციასთან და სხვა საკითხების დისკრედიტაციას“. – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოქმედი უშიშროების საბჭოს ცნობით, ისინი ბოლომდე მიიყვანენ თამარ მეარაყიშვილის სისხლის სამართლის საქმეს, გამოავლენენ და პასუხისგებაში მისცემენ თანამზრახველებს, როგორც რესპუბლიკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

საოკუპაციო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილი 22 დეკემბერს დააკავა და დე ფაქტო სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ის ცხინვალიდან გამოაძევეს. 

თამარ მეარაყიშვილი წარსულშიც არაერთხელ იყო დაკავებული. მას ჩამორთმეული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აკრძალული ჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება. ის წლების განმავლობაში ახალგორში ცხოვრობდა, ერთი წლის წინ კი ცხინვალში გადავიდა საცხოვრებლად.