ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან, გორის სოფელ აძვთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებული შუა ხნის მამაკაცია.
სუს-ის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ უკანონო დაკავების ფაქტი დაუდასტურა.
„ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ვმუშაობთ უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლებაზე“, – განუცხადა სუს-მა „პუბლიკას“.
ცოტა ხნის წინ, 23 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან ახლოს რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა 17 წლის მოზარდი დააკავეს.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს სოფლის გამგებელმა დავით ცერცვაძემ უთხრა, მოზარდი თანასოფლელებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ახლოს ტყეში იმყოფებოდა, როცა დააკავეს. მასთან ერთად მყოფებმა კი გამოქცევა მოასწრეს.
უკანონოდ დაკავებული მოზარდი იმ დღესვე გაათავისუფლეს.