ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს და ქარუმიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პუბლიკა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.

იგივე სასჯელი მიესაჯა მძღოლს, შოთა ქარუმიძეს, რომელმაც ის საზღვარზე გადაიყვანა.

გადაწყვეტილება ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

გიორგი ბაჩიაშვილს ბიტკოინების საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. დღევანდელი განაჩენით მისჯილი 4.5 წელი ამ სასჯელმა შთანთქა.

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა. იმ დროისთვის მის წინააღმდეგ პროკურატურა ორ სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებდა – ერთი იყო ე.წ. ბიტკოინების საქმე, ხოლო მეორე „მტკვარი ჰესის“ საქმე.

რაც შეეხება შოთა ქარუმიძეს, მან 20 ივნისს სასამართლოს ჩვენება მისცა და აღწერა, როგორ დაეხმარა გიორგი ბაჩიაშვილს ქვეყნიდან გასვლაში.

ქარუმიძემ სასამართლოს უთხრა, რომ მან ბაჩიაშვილი სომხეთში 30 000 დოლარის სანაცვლოდ გადაიყვანა. მანვე აღწერა, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა. კერძოდ, ბაჩიაშვილი სადახლოში მანქანაში მოწყობილ სამალავში დაიმალა, საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ კი კვლავ მანქანაში დაბრუნდა და ერევნის აეროპორტამდე ასე იმგზავრა.

27 მაისს სუსმა გაავრცელა განცხადება, რომ დააკავეს გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც „გადაადგილდებოდა ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ“. ბაჩიაშვილმა ქვეყანაში მისი ჩამოყვანის განსხვავებული ვერსია მოჰყვა.

მისი თქმით, ის გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და „აირზენას“ თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ბორტზე სუსის მაშინდელი უფროსი ანრი ოხანაშვილიც იყო. ამას ოხანაშვილი უარყოფს.