სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე ქალაქში გამოკრულ, ე.წ., სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
„2021 წლის სექტემბერში ქვეყნის მასშტაბით გარე რეკლამისათვის განკუთვნილ ადგილებში განთავსდა პოლიტიკური შინაარსის ბანერები წარწერით − „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს“. აღნიშნულ ბანერებზე განთავსებული მასალა მიმართულია რამდენიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, წარმოდგენილი საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშების მიხედვით, ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიღებულია 12,871,714 ლარის შემოსავალი.
- „ქართული ოცნება“ – ჯამური შემოსავალი 8 287 870 ლარი
- ენმ – ჯამური შემოსავალი 774 704 ლარი
- გახარია „საქართველოსთვის“ – 756 601 ლარი
საარჩევნო სუბიექტების მიერ 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად დახარჯულია 11,084,561 ლარი. ყველაზე მეტი თანხა, 7 600 097 ლარი მმართველმა პარტიამ დახარჯა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამბობს, რომ საარჩევნო შემოწირულებების შესწავლის პროცესში შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია 926 ფიზიკური და 63 იურიდიული პირის შემოსავლების შესახებ. შემოსავლების დასაბუთების მიზნით, გასაუბრებაზე დამატებითი განმარტებებისთვის გამოიკითხა 10 პირი.
მათი ცნობით, არასაარჩევნო პერიოდში − 2021 წელს საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოადგინეს ივნისის და ივლისის თვეების ფინანსური დეკლარაციები.
ასევე, საარჩევნო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტებმა წარმოადგინეს 2 სამკვირიანი პერიოდის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშები. ანგარიშებმა მოიცვა 2021 წლის 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ყველა საარჩევნო სუბიექტის პირველი სამკვირიანი პერიოდის ანგარიშები და მიმდინარეობს მე-2 სამკვირიანი პერიოდის ანგარიშების შესწავლა.
დეკლარაციების შესწავლის შედეგად გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით − ნაღდი ანგარიშსწორებით შემოწირულების განხორციელების ორი ფაქტი.
აუდიტის ცნობით, აღნიშნულ შემთხვევებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა შესაბამისი რეაგირება და მიმართა საარჩევნო სუბიექტებს დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე. ამ ეტაპისთვის ერთი დარღვევა გამოსწორებულია, ხოლო მეორე შემთხვევაში მიმდინარეობს მუშაობა დარღვევის აღმოფხვრაზე.
საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოსული განცხადებების, სამსახურის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის მონაცემების და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მიმდინარეობს 3 საქმის წარმოება.
აუდიტის სამსახური შეისწავლის შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემცველ რამდენიმე საქმეს.
- 2021 წლის 2 აგვისტოდან 16 აგვისტომდე პერიოდში, პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება − დემოკრატიული საქართველო“ სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა, ჯამში, 714,000 ლარი შესწირა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვა ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან ზემოაღნიშნული შემომწირველი პირების შემოსავლების შესახებ.ინფორმაცია შემომწირველი იურიდიული პირების შესახებ მიღებულია. ინფორმაციის თანახმად, იურიდიულ პირებს დეკლარირებული აქვთ საკმარისი შემოსავლები შემოწირულების განსახორციელებლად. შემომწირველი ფიზიკური პირების შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დადგინდება განხორციელებული შემოწირულებების კანონიერება.
- პოლიტიკურმა პარტიამ „გირჩი“ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე წარმომადგენელთა შერჩევის მიზნით, გამოაცხადა ვაკანსია 60 საარჩევნო ოლქის წევრის პოზიციაზე და მათ შესავსებად ჩაატარა ე.წ. შემოწირულების აუქციონები. ანალოგიური აუქციონები ჩაატარა საარჩევნო საუბნო კომისიის წევრის პოზიციის დასაკავებლადაც.აღნიშნული აუქციონის მოგების შემთხვევაში, ანგარიშსწორება შესაძლებელი იყო გირჩის პორტალიდან ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესიის – „ბიბლიური თავისუფლების“ საბანკო ანგარიშებზე. პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერების საჯარო განცხადებების თანახმად, მიღებული თანხით გათვალისწინებულია საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოითხოვა ინფორმაცია კომერციული ბანკებიდან „ბიბლიური თავისუფლების“ საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.