პროკურატურამ რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზარში 4 პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ძმებს ბრალდება წარუდგინა.
ერთ პირს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა, ხოლო მეორეს – იარაღის დაუდევრად შენახვა.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
„ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით და 19, 109-ე მუხლის „ბ“ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა და განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია გავრცელებულ პროკურატურის ინფორმაციაში.