EBRD თბილისის მეტროს განახლებას 75 მილიონი ევროთი დააფინანსებს

პუბლიკა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხს გამოყოფს. ამ თანხიდან 10 მილიონ ევროს მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) გამოყოფს, ხოლო დანარჩენს – EBRD.

EBRD-ის ინფორმაციით, თანხა გათვალისწინებულია მეტროს ძირითადი ქსელის განახლებისა და ახალი მოძრავი შემადგენლობით უზრუნველყოფისთვის.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა EBRD-ის მხრიდან პანდემიაზე რეაგირების საკვანძო ელემენტია“, – აცხადებს EBRD

ბანკის განცხადებით, გამოყოფილი თანხით შესაძლებელი იქნება 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენა, ასევე დეპოსა და გვირაბების განახლება.

„მეტროს განახლება და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საჯარო ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. მგზავრებს კი შესთავაზებს კომფორტულ და გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტს. თბილისში თითქმის 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათში ქალაქი გადატვირთულია. გაუმჯობესებული მეტრო კი კერძო ტრანსპორტის ნაცვლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების გაზრდას შეუწყობს ხელს, რაც ჰაერის დაბინძურებასაც შეამცირებს“, – აცხადებს EBRD.

EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი, კატარინა ბიორლინ ჰანსენი აცხადებს, რომ თბილისის მეტროს მოდერნიზება თბილისის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დიდ როლს შეასრულებს. მისივე თქმით, ხარისხიან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა დიდია და ასეთ პროექტებს დიდი ეკოლოგიური და სოციალური გავლენა აქვს.