ECHR-ის დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

პუბლიკა

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

განმცხადებლებს შორის იყვნენ როგორც რიგითი დემონსტრანტები, ისე — ჟურნალისტები. მათ უფლებებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“. 

დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.

ეს ის ნაწილია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ეფექტიან დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას იმ შემთხვევებში, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადამიანი იქნა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი.

დიდმა პალატამ არ დაადასტურა საქართველოს მთავრობის პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე შიდასამართლებრივი საშუალებები ამოწურული იყო.

  • ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-3— წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი;
  • ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 — გამოხატვის თავისუფლების მუხლი;
  • ერთხმად ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან;
  • სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ არ არსებობს კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) საფუძველზე საჩივრების დასაშვებობისა და არსებითი მხარის განხილვის საჭიროება;
  • ერთხმად დაადგინა, რომ სახელმწიფოს არ დაურღვევია კონვენციის 38-ე მუხლით დაცული — სასამართლოს მიერ საქმის განხილვის უფლება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

  1. დავით ქურდოვანიძე – 129 069,60 ევრო და 30,000 ევრო
  2. მაია გომური – 77 479,20 ევრო და 30,000 ევრო
  3. გიორგი სულაშვილი – 81 764,64 ევრო და 30,000 ევრო
  4. ლექსო ჩანქსელიანი – 258 926,88 ევრო და 30,000 ევრო
  5. მერაბ ცაავა – 20 000 ევრო
  6. ბესლან კმუზოვი – 20 000 ევრო
  7. ზაზა სვანაძე – 10 000 ევრო
  8. თამარ ბაღაშვილი – 10 000 ევრო
  9. გურამ მურადოვი – 10 000 ევრო
  10. გვანცა ნემსაძე – 5 000 ევრო
  11. ანა ვახტანგაძე – 5 000 ევრო
  12. ნინო ხოზრევანიძე – 5 000 ევრო
  13. გურამ გრიგალაშვილი – 5 000 ევრო
  14. თორნიკე კოშკაძე – 5 000 ევრო
  15. გიორგი ჭუმბურიძე – 5 000 ევრო
  16. გელა ბოჩიკაშვილი – 5 000 ევრო
  17. ეკატერინე აბაშიძე – 5 000 ევრო
  18. გიორგი დიასამიძე – 5 000 ევრო
  19. ირაკლი გიორგაძე – 14 000 ევრო
  20. ირაკლი ჩიკვილაძე – 14 000 ევრო
  21. ნიკოლოზ შარვაშიძე – 10 000 ევრო
  22. დიმიტრი ფოჩხიძე – 9 000 ევრო
  23. ირაკლი ხვადაგიანი – 9 000 ევრო
  24. დავით შეყილაძე – 7 000 ევრო
  25. თეიმურაზ დიდბერაშვილი – 7 000 ევრო
  26. ვახტანგი ბერიკაშვილი – 25 000 ევრო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიუთითა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიება სწრაფად დაიწყო და თავიდან სწრაფად მიმდინარეობდა. ამავე დროს, სახალხო დამცველის ოფისს სრული წვდომა ჰქონდა საქმის მასალებზე. განმცხადებლების უმეტესობა დაზარალებულად იქნა ცნობილი.

თუმცა, როგორც ECHR წერს, გამოძიება 5,5 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა.

სასამართლო ასევე წერს, რომ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ განმცხადებლების დაზიანებები მათივე ქმედებებით იყო გამოწვეული. ECHR გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ პოლიცია რეზინის ტყვიებს იყენებდა, როგორც მასების კონტროლის ზოგად მეთოდს.

სასამართლომ აღნიშნა პრობლემები საქართველოს კანონმდებლობაში პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დროს რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ და დემონსტრაციის მართვის წესში.

დიდმა პალატამ ასევე მიუთითა, რომ ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო მუშაობაში ასევე არ იყო გამართლებული ან პროპორციული.

ამავე დროს, გადაწყვეტილებაში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, არსებობდა პროტესტის დაშლის მიზეზები, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ის პარლამენტის წინ გაიმართა და ზოგიერთმა მომიტინგემ შენობის შტურმით შეჭრა სცადა, თუმცა, სასამართლოს თანახმად, ის, როგორც იმოქმედა პოლიციამ, გამართლებული არ არის: არ არსებობდა, დაშლის ბრძანება, არ იყო მკაფიო გაფრთხილება რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ და გამოიყენეს ძალიან დიდი ძალა, რამაც მოქალაქეების დაზიანება გამოიწვია.

ამის გამო დიდი პალატა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები დემონსტრაციების დროს რეზინის ტყვიების უსაფრთხოდ გამოყენების წესებისა და დაცვის გასაუმჯობესებლად.


2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე 38 ჟურნალისტი დაშავდა. საპროტესტო აქცია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას მოჰყვა. კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა, რომელმაც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა, რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

სპეცრაზმმა რუსთაველზე შეკრებილი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა სახის რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რამდენიმე მათგანმა კი თვალი დაკარგა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრა.