ECHR-მა მიხეილ რამიშვილის მიმართ ცილისწამების საქმეზე მისი უფლებების დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას ეხება.

მე-8 მუხლი ამბობს:

  1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცეს მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
  2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იცავდა დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს „ციანიდის საქმეში“, ასევე, წარსულში მიხეილ რამიშვილი მუშაობდა სანდრო გირგვლიანის საქმეზეც და წარმოადგენდა გირგვლიანის ოჯახს.

საქმის თანახმად, რამიშვილმა ერთ-ერთ სასულიერო პირს, რომლის სახელიც სარჩელში მოხსენიებულია, როგორც მამა ი., 2017 წლის 20 ოქტომბერს ცილისწამების თაობაზე უჩივლა. ადვოკატი ამტკიცებდა, რომ სასულიერო პირის მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში გაკეთებული განცხადებები იყო ცილისმწამებლური, რადგან შეიცავდა არსებითად მცდარ ინფორმაციას, რამაც ზიანი მიაყენა მის ღირსებასა და პროფესიულ რეპუტაციას.

მან მოითხოვა 2 000 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა იმავე საშუალებით, რომლითაც ისინი გავრცელდა.

კერძოდ, მამა ი.-მ მიხეილ რამიშვილის შესახებ თქვა:

„რატომ იცავენ იმ მკვლელებს, რატომ იცავენ მამალაძეს… ის ადამიანი, რომელიც მამა პეტრეს მაბეზღარაა, რა ჰქვია… მიშიკო რამიშვილი, არ ახსოვს, რომ გირგვლიანის საქმეშიც ჩანერგილი იყო და ისეთივე პროვოკატორი იყო, ინფორმაციას აწვდიდა ახალაიას [კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს]“.

2017 წლის 26 ნოემბერს მამა ი.-მ შეიტანა შეგებებული სარჩელი იმ არგუმენტით, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებები მის პირადი აზრი და შეხედულება იყო და, ფაქტობრივი სიზუსტის მიუხედავად, ისინი ექცეოდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დაცული სფეროს ფარგლებში.

2018 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მომჩივნის სასარგებლოდ გამოიტანა. სასამართლომ მამა ი.-ს დააკისრა განცხადების საჯაროდ უარყოფა და მომჩივნისთვის სიმბოლური თანხის – 1 ლარის გადახდა მორალური ზიანის სანაცვლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებები შეიცავდა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის დადასტურება ან უარყოფა შესაძლებელი იყო. სასამართლომ დამატებით აღნიშნა:

„[ინტერვიუს] მსვლელობისას გაკეთებული განცხადებები ისეთი ხასიათის იყო, რომ მსმენელს უქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს ეს იყო დადასტურებული ფაქტები. არ ყოფილა მსჯელობა ან მითითება იმაზე, რომ [ეს] შეიძლებოდა მიჩნეულიყო მოსაზრებად. [ამ განცხადებებს] აშკარად შეეძლო მსმენელი მიეყვანა იმ შთაბეჭდილებამდე, რომ ერთ-ერთ გახმაურებულ და საზოგადოებრივად სენსიტიურ საქმეში [მომჩივანი] სპეცსამსახურების მიერ იყო ჩანერგილი და მათ ინფორმაციას აწვდიდა“.

პირველი ინსტანციის მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ მამა ი.-მ ვერ განმარტა, რამ უბიძგა მას ამგვარი ფაქტობრივი განცხადებების გაკეთებისკენ და რა საფუძვლით გაავრცელა აღნიშნული ინფორმაცია.

სასულიერო პირმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

2022 წლის 16 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ სადავო განცხადებები წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას და მომჩივანს, როგორც საჯარო ფიგურას, მოეთხოვებოდა მათი მოთმენა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სადავო განცხადებები წარმოადგენდა „აზრს და/ან შეხედულებას“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.

დამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ გამიჯნა ფაქტები, რომელთა დამტკიცებაც შესაძლებელია, და შეფასებითი მსჯელობები, რომელთა ვალიდურობისა და ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სადავო ტელეგადაცემის ვიდეოჩანაწერის შესაბამისი ამონარიდიდან ბოლომდე ნათელი არ იყო, იყო თუ არა მამა ი. ჯეროვნად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მისი სატელეფონო ინტერვიუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სასამართლომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად მიიჩნია, რადგან მამა ი.-ს სჯეროდა, რომ ჟურნალისტთან კერძო საუბარი ჰქონდა და მისი განცხადებები არ გასაჯაროვდებოდა.

მიხეილ რამიშვილმა საქმე უზენაეს სასამართლოში წაიღო. სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

2023 წლის 23 ივნისს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. მან დაადასტურა, რომ ორივე მხარე საჯარო ფიგურა იყო და საუბრობდნენ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო.

ამის შემდეგ მიხეილ რამიშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მე-8 მუხლის დარღვევის დადგენა მოითხოვა.

რამიშვილი ამტკიცებდა, რომ მამა ი.-ს ცილისმწამებლურმა კომენტარებმა სერიოზული ზიანი მიაყენა მის რეპუტაციას და ეროვნული სასამართლოების არაადეკვატურმა პროცედურულმა რეაგირებამ მისი საჩივარი კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების სფეროში მოაქცია.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ რეპუტაციის დაცვის უფლება არის უფლება, რომელიც დაცულია კონვენციის მე-8 მუხლით, როგორც პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების ნაწილი. იმისთვის, რომ ეს დებულება ამოქმედდეს, პირის რეპუტაციაზე თავდასხმამ უნდა მიაღწიოს სერიოზულობის გარკვეულ ზღვარს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ზიანი მიაყენოს პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებით სარგებლობას. ეს მოთხოვნა მოიცავს როგორც ზოგად სოციალურ რეპუტაციას, ისე კონკრეტულად პროფესიულ რეპუტაციას.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის მსგავს შემთხვევებში საკითხი ეხება არა სახელმწიფოს უშუალო ქმედებას, არამედ ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის პირადი ცხოვრების სავარაუდოდ არაადეკვატურად დაცვას.

„კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულება შეიძლება ავალდებულებდეს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები პირადი ცხოვრების პატივისცემის უზრუნველსაყოფად კერძო პირებს შორის ურთიერთობის სფეროშიც კი. საჭიროა სამართლიანი ბალანსის დაცვა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის: ერთის მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა (მე-10 მუხლი) და, მეორეს მხრივ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას (მე-8 მუხლი) შორის“. – მიუთითებს სტრასბურგის სასამართლო.

სასამართლო წერს, რომ მაშინაც კი, როდესაც განცხადება შეფასებით მსჯელობას წარმოადგენს, ჩარევის პროპორციულობა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა მისთვის საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“; თუ ასეთი საფუძველი არ არსებობს, შეფასებითი მსჯელობა შეიძლება „გადაჭარბებად“ იქნას მიჩნეული.

ECHR-მა მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს სამართლიანი ბალანსის დაცვა კონვენციით გათვალისწინებულ დაპირისპირებულ ინტერესებს შორის. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას.

სახელმწიფომ მიხეილ რამიშვილს 3 თვის ვადაში უნდა გადაუხადოს:

  • 4,500 ევრო (ოთხი ათას ხუთასი ევრო) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად;
  • 5,000 ევრო (ხუთი ათასი ევრო), ხარჯების ასანაზღაურებლად;