ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს მიერ დღევანდელი, 2025 წლის 14 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს 253 მილიონ ევროზე მეტი 2008 წლის ომის შემდეგ სასაზღვრო ზოლების გამკაცრების გამო ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
საქმე ეხება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” საქმის IV ფაზას.
სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა უნდა მოხმარდეს ე.წ ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29 ათასზე მეტი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას.
„2024 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილებაში სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას სისტემური სახე ჰქონდა ძალის გადამეტებულად გამოყენების, არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავების, ყოველდღიური გადაადგილების უკანონო შეზღუდვის, და სახლებზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომაზე უკანონო შეზღუდვების და და ქართულ ენაზე განათლების მიღებაზე უარის თქმის სახით”. – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ კონვენციიდან გასვლის მიუხედავად, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი აგრძელებდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობას.
2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ბორდერიზაცია“ შეფასდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად.
2024 წლის 9 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის შემდეგი მუხლები:
- მე-2 მუხლი – ცხოვრების უფლება
- მე-3 მუხლი – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა
- მე-5 მუხლის პირველი პუნქტი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება
- მე-8 მუხლი – პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება
- პირველი ოქმის პირველი მუხლი – საკუთრების უფლების დაცვა
- მე-2 მუხლი – განათლების უფლება
- მე-4 ოქმის მე-2 მუხლი – გადაადგილების თავისუფლება
ეს საქართველოს მიერ ინიციირებული მეოთხე სახელმწიფოთაშორისი დავაა სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთს დააკისრა 10 მილიონი ევროს გადახდა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული 1 500 ადამიანის ზიანის ასანაზღაურებკად.
2021 წლის პირველ იანვარს გამოცხადდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) დიდი პალატის გადაწყვეტილება აგვისტოს ომის სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ”.
სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს სარჩელის დიდი ნაწილი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.
მაშინ სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განვითარებული მოვლენებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
რუსეთს არც ერთ ამ საქმეზე არც ერთი კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია.
რაც შეეხება მესამე საქმეს – საჩივარი უკავშირდებოდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ოთხი ქართველი არასრულწლოვანის დაკავების ფაქტს. სასამართლომ საქმის განხილვა 2010 წელს შეწყვიტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, დაკავებულები უკვე გათავისუფლებული იყვნენ და საქმის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნეოდა.
2022 წლის მარტში რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო ევროსაბჭოდან გააძევეს. ამის საპასუხოდ მოსკოვმა განაცხადა, რომ ECHR-ის მიერ ამ თარიღის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ შეასრულებს.