კომპანია Edison Research, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლი ჩაატარა, აცხადებს, რომ ოფიციალური შედეგები ხმების „მანიპულაციაზე” მიუთითებს.
„13-ქულიანი განსხვავება Edison-ის შეფასებასა და ოფიციალურ შედეგებს შორის, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ 54%-ს შეადგენს, ვერ აიხსნება სტანდარტული ვარიაციით და მიანიშნებს ადგილობრივ დონეზე ხმების მანიპულაციაზე. Edison-ის გადამოწმებამ აჩვენა, რომ სტატისტიკურად მოსალოდნელი შედეგებიდან დევიაცია იყო ფართომასშტაბიანი, მაგრამ განსაკუთრებით შესამჩნევი კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე რეგიონებში“, – აღნიშნულია Edison-ის განცხადებაში, რომელსაც Reuters ავრცელებს.
საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ანალიზი გამოაქვეყნა კომპანია HarrisX-მაც, რომელმაც საარჩევნო ეგზიტპოლები „მთავარი არხის” დაკვეთით ჩაატარა.
კომპანია მიუთითებს, რომ ჩნდება კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სტატისტიკურად აუხსნელი მონაცემების შეუსაბამობაზე, რაც მოიცავს, სულ მცირე 172 523 ხმას 27 ოლქში, რაც სულ მიცემული ხმების 8%-ზე მეტია.