ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

პუბლიკა

„მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი. შვილი, რომელიც ხედავს რომ მამამისს ემუქრება საფრთხე, “- ამბობს თავის ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი.

ის ამბობს, რომ დარჩა გაოგნებული პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და „იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში”.

მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი, ძმის და დედის სახელით მიმართავს ხელისუფლებას გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

„მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ ძალიან სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ ის, რაც ახლა ხდება გაცდა თუნდაც პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა.

ხელისუფლებას შეუძლია, რომ რამდენიმე მარტივი ნაბიჯით გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა, ან აწყობს. ამიტომ ჩემი, ჩემი ძმისა და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში,“ –  ამბობს ედუარდ სააკაშვილი.