EECMD: ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება სახალხო „დემოკრატიის ფესტივალებზე“ პირდაპირი თავდასხმაა

პუბლიკა

„მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბიუროს ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება „ემსახურება “რუსული კანონის” სულისკვეთებას, არ შეესაბამება სიმართლეს და არის სახალხო „დემოკრატიის ფესტივალებზე“ პირდაპირი თავდასხმა.“

ორგანიზაციის განცხადებით, „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა” (EECMD) ფესტივალზე მოიწვია, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ასევე სახელისუფლებო პარტია.

ორგანიზაციის თქმით, ჯამში, 18 პოლიტიკური პარტია და მოძრაობა, ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაცია და ასობით მცირე მეწარმე იყო მიწვეული ფესტივალზე.

„ქართულმა ოცნებამ“ საჯაროდ არაერთგზის განაცხადა უარი „დემოკრატიის ფესტივალში” მონაწილეობაზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.

ბიურო აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ, რაც „საფრთხეა სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის”.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აქცენტი გააკეთა პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანზე“, რომლის ხელმძღვანელიც ლევან ცუცქირიძეა.

კუპრაშვილის თქმით, ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანმა“ ღიად გააკეთა პოლიტიკური გზავნილები, ამიტომაც, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ორგანიზაციის 24 წევრს ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა დაავალა.