EECMD: რუსული კანონით „ოცნება" საფუძველს აცლის დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას

პუბლიკა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გმობს „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა დაბრუნებას პარლამენტში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნებით „ქართული ოცნება” საფუძველს აცლის ჩვენს დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას.

„ამასთან, ამ ნაბიჯით, „ქართული ოცნება” პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამით საფუძველს აცლის ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას”. – აცხადებს EECMD.

ორგანიზაცია მიუთითებს „ქართული ოცნების“ შარშანდელ დაპირებას, რომ რუსულ კანონს პარლამენტში აღარ  დააბრუნებდა.

„მისი ხელახლა შემოტანა ხალხის მოტყუება და სიტყვის გატეხვაა. კანონის ამოქმედება მოსპობს დამოუკიდებელ არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციებს საქართველოში.

რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას” ეშინია სამართლიანი და კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების. ეს კანონი შეუძლებელს გახდის არჩევნების კონკურენტულ და გამჭვირვალე ვითარებაში ჩატარებას და ამით, საფუძველს გამოაცლის მის სამართლიანობას და კანონიერებას”. – წერს EECMD.

ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსული კანონის განხილვა და არ გადაუხვიოს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ კურსს.

„ქართული ოცნება” პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა – ნაცვლად „უცხოური გავლენის აგენტია”, გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია”.

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული, – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად” გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. სახელმწიფოს ენიჭება ორგანიზაციების დაჯარიმების უფლებამოსილება.

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია” შესაძლოა, გაიგივდეს „უცხოელ ჯაშუშთან” და „მოღალატესთან”, რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და სერიოზულად შეაფერხებს მათ აქტივობებს.