„ეგ არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც იქნება ჩვენ, ორ ქვეყნას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობასაც არაფერი არ ემუქრება. შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, აზერბაიჯანული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სომხეთმა აზერბაიჯანთან დაპირისპირების წინ სერბეთისგან ნაღმტყორცნები მიიღო და შეიარაღება ქვეყანაში საქართველოს გავლით შეიტანეს.
„პოლიტიკური პრობლემა საქართველოს, რა თქმა უნდა, არ ექნება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად.
ჯერ ეს ერთი, ეგ არის მხოლოდ მედიით გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაცია, ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მაშინ, როდესაც ეს იქნება ჩვენ, ორ ქვეყნას შორის რაღაც მსჯელობის საგანი. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ძმობასაც არაფერი არ ემუქრება, შეუძლებელია, რომ ამ უმაღლესი ხარისხის ურთიერთობებს რაიმე დაემუქროს.
მეორე, თქვენ რომ მეუბნებით ფოტოზე, ნანახი გაქვთ ეს ფოტო? ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა… როდესაც რაღაც ინტერნეტგამოცემის ინფორმაციის საფუძველზე კითხვას მისვამთ კონტექსტურად ორ სტარატეგიულ ქვეყანას შორის, მოძმე ქვეყანას შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია, ესეც არის რისკი“, – განაცხადა პრემიერმა.
აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიაგამოცემა Haqqin-მა 19 ივლისს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ თოვუზის დასაბომბად სომხეთს სერბეთმა ნაღმმტყორცნები საქართველოს დახმარებით გაუგზავნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.
ქართული უწყების პასუხის შემდეგ Haqqin-მა ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ შეიარაღება სომხეთმა რუსეთისგან საქართველოს გავლით მიიღო.