ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს

პუბლიკა

ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტს ტოვებს. ამის შესახებ მან „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მე აღარ დავრჩები იურიდიულ კომიტეტში, მე აქამდე აქ ვიყავი იმიტომ, რომ ველოდებოდი ამ კენჭისყრას. ეს არის ბოლო სხდომა, სადაც მე იურიდიულ კომიტეტს დავესწარი, მე ამ კომიტეტის სხდომაზე აღარ შევალ. არ ვცნობ ამ კომიტეტისა და არც ოხანაშვილის ლეგიტიმაციას, რომელმაც კლანის მსახურად აქცია იურიდიული კომიტეტი. თუ ემსახურებიან ერთი ადამიანის ინტერესებს და სხვა აღარაფერი აინტერესებთ, ამის ბოლო იქნება ის, რომ აუცილებლად გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, ამ საქმეში პირველ რიგში პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია.


დღეს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია 14 კანდიდატი.

არასამთავრობო ორაგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა ეს სია უარყოფით შეფასებას იწვევს. მათი თქმით, პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია. მათგან ზაზა თავაძემ უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე.