ეკა ბესელიამ საარჩევნო სიის 10-ეული და საარჩევნო პროგრამა წარადგინა

პუბლიკა

ეკა ბესელიას დაფუძნებულმა პარტიამ „სამართლიანობისთვის“ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის ათეული და მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა. სიაში ყოველი მე-3 ქალია.

ეკა ბესელიამ ეს ადამიანები წარადგინა როგორც „პოლიტიკაში ახლები, თუმცა თავიანთ სფეროში წარმატებულები, პროფესიონალები და გამოცდილები“.

  1. იასე ზაუტაშვილი- იურისტი, ეკონომისტი;
  2. ჯავარა უგრეხელიძე – მედიცინის დოქტორი;
  3. ზაზა წერეთელი – მედიცინის დოქტორი, იურისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
  4. თემურ რობაქიძე – ეკონომისტი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
  5. დოდო შონავა- ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე;
  6. სევა ჯუღელი- დიპლომატი, ექიმი, მწერალი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
  7. სოსო დარსაველიძე – ექიმი, სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი;
  8. ინგა მახარაძე –ოზურგეთი, ჩოხატაური ლანჩხუთის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  9. ნუგზარ ლომიშვილი – იურისტი, სამართალმცოდნე- გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  10. კახა ცეცხლაძე – ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს ახალი წევრი;
  11. მირიან პაპუნიძე- ეკონომისტი, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი;
  12. ქეთი ყრუაშვილი- პოლიტსაბჭოს ახალი წევრი.

პრეზენტაციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარტიის მთავარი გზავნილია „სამართლიანობა ყველასთვის და ყველაფერში“ და საარჩევნო პროგრამა წარადგინა, რომლის გეგმა, მოკლედ, სამი პუნქტით შეიძლება ჩამოყალიბდეს:

  1. მართლმსაჯულების რეფორმა;
  2. ეკონომიკურ-სოციალური რეფორმა;
  3. განათლების რეფორმა.

ბესელიამ თქვა, რომ ამ გუნდში გაერთიანებული ადამიანების მთავარი ღირებულებებია სამართლის უზენაესობა, კანონის წინაშე თანასწორობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა/დაცვა, ეროვნული ღირებულებები და ევროპული არჩევანი.

საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე საუბარს. ბესელიამ რეფორმის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი ხედვა წარმოადგინა. რეფორმის შედეგი, პარტიის თავმჯდომარის თქმით, დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შექმნა, ახალი, კეთილსინდისიერი, კომპეტენტური მოსამართლეების არჩევა 10 წლით და კლანისგან სისტემის გათავისუფლება იქნება.

პარტიის ხედვით, სიახლე უნდა შევიდეს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაშიც. ეს უწყებები უნდა გახდეს მეტად დამოუკიდებელი და დეპოლიტიზირებული. ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია.

პარტიის პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია განათლების რეფორმაზე. სოფლის მეურნეობაზე, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე და გარემოს დაცვაზე.

საუბარია უმცირესოსბების უფლებებზე, რომ აუცილებელია თანასწორობა და დისკრიმინაციის აღკვეთა, ასევე ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა სრული მონაწილეობის აუცილებლობაზე და გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე.