ეკა ბესელიას განცხადებით, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა შიმშილობა შეწყვიტეს

პუბლიკა

ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, მოინახულა პატიმრები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი, მათ შიმშილობა შეწყვიტეს. მისივე განცხადებით, პაპიაშვილი ჩიკვაიძის საკანში დააბრუნეს.

„დღეს მოვინახულე გლდანის ციხეში, მონიტორინგის მიზნით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი – უდანაშაულო პოლიტიკური პატიმრები. მიხარია, რომ გაითვალისწინეს თხოვნა და შიმშილობა შეწყვიტა ორივემ. დააბრუნეს ირაკლი პაპიაშვილი გიორგი ჩიკვაიძის საკანში. ვესაუბრე დაწესებულების დირექტორს. სწორი კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი ამ დროს… იმედი მაქვს, არ დასჭირდებათ უკიდურესი ფორმების მოძებნა უფლებების დასაცავად! თავისუფლება ყველა უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანს“, – წერს ეკა ბესელია.

26 ოქტომბერს გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა, რომ თანამესაკნეებმა – გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ შიმშილობა დაიწყეს. ეკა წერეთელი ამბობდა, რომ მიზეზი „წამებასთან გათანაბრებული ქმედება“ იყო:

„საკვების არ მიწოდების გამო, შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხივეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ, ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: თავს დაგამახსოვრებინებ ბიჭო“, – წერდა ეკა წერეთელი.

პენიტენციურმა განაცხადა, რომ „გიორგი ჩიკვაიძე შერჩევითად იღებს გარკვეული სახეობის პროდუქტებს და სისტემატურად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანია პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაცია“.