პოლიტიკოსი და იურისტი ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი შვილი, რატი მილორავა გუშინ დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
მილორავას დაკავების შესახებ ინფორმაცია მანამდე სამთავრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა.
ეკა ბესელია წერს, რომ გუშინ ღამით, 00:00 საათზე დაურეკეს და უთხრეს, რომ „რატი დააკავეს და ძალის გამოყენებით წაიყვანეს“.
მისივე თქმით, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა, მისი შვილი უკვე გადაყვანილი ყავდათ „სადღაც“.
„როგორც მითხრეს, ნასვამი მართავდა მანქანას და საპატრულო პოლიცია დაედევნა, გაჩერდა და ამ დროს წინ მდგომ ტაქსის მანქანას მიედო ისე, რომ არც ერთი მანქანა არაა დაზიანებული. ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა და გაუშვეს“. – წერს ბესელია და აღნიშნავს, რომ „მთავარი ამის შემდეგ იწყება“.
„ღამის 24:00 საათიდან 03:00 საათამდე ვეძებდი ჩემს შვილს და ხან რას მეუბნებოდნენ ხან რას. პოლიციის უფროსად ვინც გამეცნო მითხრ, რომ დიღმის სამმართველოშია, წავედით დიღომში და იქ არ იყო. როგორც ხდება ამ ბოლო დროს. ვეძებეთ, ვრეკეთ. ღამის 03:00 საათზე მოიყვანეს დიღმის სამმართველოში და ადგილები არ ქონდათ. ერთი საათი ეზოში ჰყავდათ გაჩერებული.
ამ დროს ვნახე რატი პოლიციის მანქანაში ხელბორკილებით და მითხრა, რომ ერთმა პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვთხოვე, მშვიდად ყოფილიყო“.
ბესელია ამბობს, რომ შვილის იზოლატორშ შესვლა დილით მოახერხა.
„შემოიყვანეს ყელის არეში დაზიანებებით, ხელზე სიწითლეებით. ახლა 15:35 საათია და არც დამკავებელი ვიცი, არც დაკავების ოქმი მაქვს, არც არაფერი, რაც უნდა გადასცე დაკავებულ პირს. იზოლატორში გამოყვანის წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ახლადნაოპერაციებია და გავაფრთხილე ნუ ეჯაჯგურებით, საკმარისად აქვს გადატანილი ყველაფერი და არ მინდა იმავეს განმეორება“. – წერს ბესელია.
მისივე თქმით, რატი მილორავას „ყელზე ეტყობა ნაჭდევები“.
„კანონის დაცვას ვითხოვ, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს! სხვა არაფრის შიში რომ არ მაქვს, ეს ორივე რეჟიმმა – წინამ და ახლანდელმაც კარგად იცის“. – წერს ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რატი მილორავა დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 5 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობას 60 დღემდე ვადით.