ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – „საფარი“

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „საფარი“ სასამართლოში ეკა ჩხეიძის ინტერესებს იცავდა.

„გასული წლის 28 სექტემბერს შსს-მ ქორწინების იძულების ბრალდებით დააკავა პირი, რომელიც მუდმივად ცდილობდა, ჩხეიძის სიახლოვეს ყოფილიყო, მას 2 წლის განმავლობაში საშინლად აწუხებდა, დაქორწინებას აძალებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმკვლელობით აშანტაჟებდა. ერთ-ერთი მსგავსი ინციდენტისას, მან ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, მათი შუამდგომლობების საფუძველზე, სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა უჩა მიშველაძის ძალადობრივ ქმედებებს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით, მას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება.