აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტის ოთხი წევრი, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „აირჩიე ევროპა“, ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელები, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად გამოაცხადა.
სენატორების, საერთო განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები, არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიების მომზადებაში არიან ჩართულები, მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის მისცემს ხალხი ხმას.
მათი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორი, ეკა გიგაური, სენატში მიცემული ჩვენების გამო ისჯება, რომელიც 12 სექტემბერს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა.
„გუშინდელი გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ავტოკრატიული მთავრობები არაკეთილსინდისიერად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“, – აცხადებენ სენატორები.
განცხადებას ხელს ოთხი სენატორი აწერს: ჯიმ რიში, ბენ კარდინი, ჯინ შაჰინი და პიტ რიკესტი.
24 სექტემბერს, ანტიკორუფცული ბიურომ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო.
მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავთ გათვალისწინებული შეზღუდვები და დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები.
„თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, მე დამჭირდება ახალი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს, მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვითხოვოთ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები.“ – განაცხადა კუპრაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „სამართლიანი არჩევნები“ ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ.
„24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ გაუმართლებლად ფართოდ და კანონთან შეუსაბამოდ განმარტა კანონმდებლობით დაწესებული სტანდარტი.” – ვკითხულობთ განცხადებაში.