ეკა გიგაურის ასეთი განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული II ფრონტით - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და ტელევიზიების ნაწილი ომის პროპაგანდას ეწევიან.

დღეს, 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ თან აქვს ყველა ის ციტატა, რომელიც ამგვარ შინაარსს შეიცავს. კობახიძემ ერთ-ერთ ციტატად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადება წაიკითხა და ახსენა სხვა პოლიტიკოსების გვარებიც:

„რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“ – ძალიან მარტივად, ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს გულისხმობდა. […]რასაც ის ამბობდა მაშინ, ახლა იმას უარყოფს.

საზოგადოება ხედავს, რა იყო მისი განცხადებების შინაარსი. პირდაპირი აზრის მომწიფების მცდელობა იყო ის, რასაც ამბობდნენ გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილმაც ეს ყველაფერი გააგრძელა. მედიასაშუალებები პირდაპირ ხსნიდნენ იმას, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ცხინვალის და სოხუმის აღება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა შეახსენეს აშშ-ის ელჩის განცხადება, რომ მეორე ფრონტზე საუბარი რუსული დეზინფორმაციაა და ასევე განუმარტეს, რომ ზოგიერთი ექსპერტი, რომელიც „ოცნების“ ექსპერტებად მოიაზრებიან, მეორე ფრონტზე ხშირად საუბრობენ.

შეკითხვის საპასუხოდ კობახიძე ამბობს, რომ თუ ეს რუსული დეზინფორმაციაა, მაშინ ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და NGO-თა ნაწილი „ყოფილან რუსეთის აგენტები“.

კობახიძის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ საერთაშორისო პარტნიორები NGO-ების განცხადებებს გაემიჯნებოდნენ, რადგან როცა დასავლეთის ფინანსური წყაროებით დაფინანსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ზოგიერთ ექსპერტს უჩნდება ეჭვი, რომ მეორე ფრონტის პროპაგანდაში დასავლეთია ჩართული.

„თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, მაშინ გამოდის, რომ აქ მაქვს მაგალითად გიგაურის განცხადება, ლომჯარიას განცხადება, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის განცხადებები, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და ა.შ. გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები.

ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს,  ამწიფებენ ამ აზრს და მათ შორის მათი ნაწილი, NGO-ები, ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რაც ამ ეჭვებს მერე აღრმავებს, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. აქედან გამომდინარე, ნაცვლად ზოგადი განცხადების გაკეთებისა, სასურველი იქნებოდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად გიგაურის განცხადებას, ლომჯარიას განცხადებას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებებს და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ დიპლომატებისგან ასეთი განცხადებები, ასეთ შემთხვევაში მერწმუნეთ, არავის ექნება ამის საბაბი, ისაუბრონ ასეთ ინტერესებზე…

ეკა გიგაურის ასეთი განცხადება ვიღაცას აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ დასავლეთია დაინტერესებული მეორე ფრონტით. გიგაური როდესაც ამას ამბობს, 20 წელია ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე NGO-ს ხელმძღვანელი და ფინანსდება ერთი და იგივე წყაროდან და როდესაც გიგაური ამას ამბობს, მერე ეს ვიღაცისგან მიეწერება დასავლელ პარტნიორებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, მოხდეს ასეთი განცხადების უარყოფა მყისიერად“, – განაცხადა კობახიძემ.

რა თქვა ეკა გიგაურმა 

ციტატა, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე წაიკითხა, ეკა გიგაურის 23 მარტის განცხადებიდანაა ამოღებული.

ეკა გიგაურის განცხადების ვრცელი ვერსია ორ გამოცემაზე – „ინტერპრესნიუსსა“ და „პირველი არხის“ ვებგვერდზე იძებნება.

„დაშინება არის არასწორი, საფრთხე არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, არ ჰყოფნის რესურსები და ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ და ვანახოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ“ – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაურმა უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ომით კი არ უნდა დააშინოს ხალხი, არამედ „გააკეთოს ყველაფერი, რომ ახალი პერსპექტივები გვანახოს და მაქსიმალურად გააერთიანოს საზოგადოება“ და ყველანაირი დისკუსია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ არ დავდგეთ დასავლეთის გვერდში, რუსეთის ინტერესია“ – წერს სააგენტო IPN.

ეკა გიგაურის განცხადებას იგივე კონტექსტი აქვს 1TV.GE-ზე გამოქვეყნებულ ნიუსშიც.

„დაშინება და შეშინება ადამიანების არის არასწორი, ეს საფრთხე დღეს არ დგას, რადგან რუსეთი ომს აგებს უკრაინაში და შესაბამისად, იქ არ ყოფნის რესურსები, ამიტომ ის ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. საუბარი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს სწორი მიმართულებით უნდა წავიყვანოთ დისკუსია და ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ, ასევე ყველანაირად ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ“.