„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გუშინ ღამე მას მიხეილ სააკაშვილი ვიდეოზარით დაუკავშირდა და ის ბათუმში იყო.
„მქონდა ვიდეოზარი და შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს. სადაც ვიდეოა გადაღებული, იგივე იყო ლოკაცია, საიდანაც მე დამიკავშირდა. როგორ გადმოლახა საზღვარი, არ ვიცი. უმოკლეს ვადაში გავრცელდა დამატებითი ვიდეოები. არ ვიცი, რითი ჩამოვიდა. ჩამოვიდა და აქ არის. „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ისინი რუსი ჯაშუშების გადაადგილებას ვერ ადგენენ და რა გიკვირთ?!“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
კითხვაზე – გამოჩნდება თუ არა 2 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი – ეკა ხერხეულიძემ უპასუხა, რომ არ იცის.
კითხვაზე – გამოჩნდება თუ არა სააკაშვილი საზოგადოებაში – უპასუხა, რომ „სააკაშვილის პროგნოზირება რთულია“.
დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ საქართველოშია. ასევე გაავრცელა ორი ვიდეო და ამბობს, რომ ბათუმშია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადმოულახავს.