„ეკა კიკნაძე დავის ძირითად ნაწილში დამარცხდა“ - ეროვნული მუზეუმი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ეკა კიკნაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ სასამართლომ ეკატერინე კიკნაძის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკა კიკნაძე „სასამართლო დავის ძირითად ნაწილში დამარცხდა“.

მუზეუმი ასევე აღნიშნავს იმას, რომ საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კიკნაძის დაბალ პოზიციაზე გადაყვანის ბრძანება და ეროვნულ მუზეუმს დააკისრა 5000 ლარის სახით კომპენსაციისა და 200 ლარის ოდენობით განაცდურის ანაზღაურება.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ეკატერინე კიკნაძის სარჩელი გათავისუფლების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, ე. კიკნაძე სასამართლო დავის ძირითად ნაწილში დამარცხდა, რაც მას შეუძლია გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში […] სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი შეისწავლის სასამართლო გადაწყვეტილებას და კანონით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას დავის გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის ეკა კიკნაძის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში სასამართლომ შრომითი კანონმდებლობის დარღვევა არ დაადგინა.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას კიკნაძის ადვოკატი ცირა ჯანანაშვილი ამბობს, სასამართლომ ბათილად არ ცნო სამსახურიდან მისი გათვისუფლების შესახებ ბრძანება. პირველმა ინსტანციამ მხოლოდ ლაბორანტის პოზიციაზე მისი გადაყვანის შესახებ აქტი გააბათილა.

საქალაქო სასამართლომ კიკნაძის სასარგებლოდ სამინისტროს კომპენსაციისა და განაცდურის გადახდა დააკისრა.


ეკა კიკნაძე ხელოვნების მუზეუმის დირექტორის პოზიციიდან თეა წულუკიანმა 2022 წლის იანვარში გაათავისუფლა. ეკა კიკნაძის ადგილას კი ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა. კიკნაძე 2022 წლის ივლისში ეროვნული მუზეუმის დანგრევის შესახებ მომზადებულ დასკვნას აპროტესტებდა. 2022 წლის ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა. სწორედ აღნიშნულ დასკვნას აკრიტიკებდა ეკა კიკნაძეც, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას თავის საჯარო განცხადებებს უკავშირებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური ცვლილებები დაიწყო. შედეგად, ამ დროისთვის მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან.