ეკა ტიკარაძე კოლეგებს მიმართავს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკა ტიკარაძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ექმიმებმა მაგალითი უნდა მისცენ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლის  წესების დაცვაში.

„მოგესალმებით, ჩაქვის 21-ე პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენციის დელეგატებს, ექიმებს, კოლეგებს!

ამ სახის კონფერენციები, ნამდვილად მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, თანამედროვე მედიცინის მიღწევების გაზიარებისათვის და მათი ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვისთვის.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე , მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და მსგავსი სახის კონფერენციები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის, თუ შესაძლებელია, ონლაინპლატფორმაზე გადავიტანოთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება ჯანმოს ევროპის რეგიონული კომიტეტის 70-ე სესიიის ონლაინპლატფორმის რეჟიმში ჩატარება.

ჯანდაცვის სამინისტროც მზადყოფნას გამოთქვამს, საკუთარი ონლაინპლათფორმა შესთავაზოს კონკრეტულად ჩაქვისა და მსგავსი სახის სხვა კონფერენციების მონაწილეებს.

ჩვენ, ექმიმებმა მაგალითი უნდა მივცეთ ყველა სხვა დარგის წარმომადგენლებს პანდემიასთან ბრძოლისას წესების დაცვაში.

წარმატებას ვუსურვებ კონფერენციის ყველა მონაწილეს და მივესალმები სამუშაო პროცესის გადატანას ონლაინსივრცეში”.

სასტუმრო „ოაზისში“, სადაც კონფერენციის მონაწილე ერთ-ერთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა 400 ექიმი, რომლებიც ახლა საკარანტინო სივრცეებში არიან გადაყვანილი.

გუშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხევითაც სასტუმრო „ოაზისში” აღებული ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია.