ეკატერინა ხვედელიძემ 20 იანვარს ახალი კომპანია „ლუსოლი" დაარეგისტრირა

პუბლიკა

ეკატერინა ხვედელიძემ 20 იანვარს ახალი კომპანია „ლუსოლი“ დაარეგისტრირა

ბიძინა ივანიშვილის ცოლმა, ეკატერინა ხვედელიძემ  20 იანვარს ახალი კომპანია დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის თანახმად, ის სააქციო საზოგადოება „ლუსოლის” 100%-იანი წილის მფლობელია.

ხვედელიძის წარმომადგენელი ივანიშვილის ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნატო ხაინდრავაა.

დოკუმენტების თანახმად, „ლუსოლის” მმართველ ორგანოდ განსაზღვრულია სამეთვალყურეო საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ნუგზარ დეკანოიძე, ვეფხია დვალი, შოთა კობიაშვილი.

კომპანიის დირექტორად გელა კობერიძეა მითითებული.

ხოლო კომპანიის იურიდიულ მისამართად დარეგსტრირდა „ქართუ ბანკის” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჭავჭავაძის გამზირზე, ანუ ბანკის მოქმედი შენობა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა „ქართუ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოჩა ჩიკვილაძემ.

საჯარეო რეესტრის თანახმად, სს „ლუსოლის“ კაპიტალი 100 ათასი ლარია.

ყველა დოკუმენტი ნოტარიულად ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ დაამოწმა.

ნატო ხაინდრავა, რომელიც „ლუსოლში“ ეკატერინა ხვედელიძის წარმომადგენლად არის მითითებული, ბიძინა ივანიშვილის შვილის, უტა ივანიშვილის მიერ 31 დეკემბერს, აშშ-ის მხრიდან მამის სანქცირებიდან 4 დღის შემდეგ დარეგისტრირებულ კომპანია „ატუ ჰოლდინგშიც“ ფიგურირებს, რომელიც ასევე სააქციო საზოგადოებაა.

უტა ივანიშვილის მინდობილობაში მითითებულია, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ნოტარიუს ეკატერინე გვანცელაძეს უტა ივანიშვილი „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ დაუკავშირდა, განაცხადა, რომ იმყოფება იაპონიაში და ონლაინრეჟიმში სურდა მინდობილობის შედგენა ნატო ხაინდრავას სახელზე. მინდობილობა ერთი წლის ვადითაა გაცემული.