Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი.
ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება.
„მთლიანობაში, ის პატიმრობაში უნდა ყოფილიყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა იწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ გავათავისუფლოთ”, – თქვა ე.წ. მინისტრმა.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა. ამით მან სოხუმში აფხაზეთის ომის 27 წლის საზეიმო ღონისძიებები გააპროტესტა.
დე ფაქტო მილიციამ ბებუას სახლი გაჩხრიკა და ბრალად ყუმბარის ფლობა დასდო, ე.წ. სასამართლომ კი და 9-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი რუბლის გადახდა მიუსაჯა.