ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა. – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„გაათავისუფლეთ არძინბა ინალ ბატუვიჩი აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან. აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულება დაევალოს მის მოადგილეს, ტუჟბა ირაკლი ვახტანგოვიჩს“. – ნათქვამია დოკუმენტში, „ეხო კავკაზას“ მიხედვით.
„ეხო კავკაზას“ ცნობით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმაციით, არძინბამ განაცხადა, რომ მოსკოვშია და თანამდებობა თავად დატოვა ახალ სამსახურში გადასვლის გამო.
„მე თანამდებობიდან ახალ სამსახურში გადასვლის გამო გადავდექი. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. ბევრი სამუშაო გაკეთდა. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“. – აღნიშნა არძინბამ.
ინალ არძინბა აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქემთა სამინისტროს ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია.