ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენისა და რწმენის საფუძველი - გახარია

პუბლიკა

„ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ისტორიის, ჩვენი ენის და რწმენის საფუძველი“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს:

„დაიღალა უბრალოდ ხალხი – დაიღალა უიმედობით, გაურკვევლობით, ქაოსით. დღეს რაც ხდება ეს არ არის სწორი. არ შეიძლება რომ ფიზიკური ძალადობით ერთმა ქართველმა მეორე ქართველს უმტკიცოს, როგორ უფრო უყვარს სამშობლო, ან როგორ უფრო უყვარს ეკლესია – შეუძლებელია ეს.  ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი ენის და ჩვენი რწმენის საფუძველი. ეკლესიას აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა დაიცვას, იმისთვის რომ ჩვენ ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქართველობა ჩვენი ტრადიციები და იდენტობა შევინარჩუნოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წინ არ უნდა ვიყუროთ. ჩვენი თანამედროვე მომავალი – ჩვენი ევროპული მომავალი რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი იდენტობით უნდა მივიდეთ იქ – ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ იქ.

ერთი რამე უნდა ვიცოდეთ – ისტორიის, ტრადიციების, კულტურის გარეშე ჩვენ არავის არ ვაინტერესებთ იმდენი ერია მსოფლიოში. ჩვენ კი საუკუნოვანი ისტორია გვაქვს და ეს თუ არ შევინარჩუნეთ და ჩვენ რწმენასთან ერთად არ მივიტანეთ იქ – არაფერი არ გამოვა. ყველაფერი ეს რომ გავაკეთოთ გვჭირდება მარტივი რამ – შრომის და სამართლიანობის გარდა – გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო. სახელმწიფო თუ არ იქნა ძლიერი ვერც კულტურას, ვერც რელიგიას, ვერც თითოეულ ჩვენ მოქალაქეს ვერავინ ვერ დაიცავს – ძლიერმა სახელმწიფომ უნდა დაიცვას”, – განაცხადა გიორგი გახარიამ მარტვილში მოსახლეობასთან შეხვედრაზე.