ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? – ეპისკოპოსი იაკობი ოპოზიციის პროტესტზე

პუბლიკა

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.

ჟურნალისტებთან მან განაცხადა, რომ საქართველო რთულ სიტუაციაშია და აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთობაშია. მისი თქმით, საზოგადოების პოლარიზება ცუდია და დღევანდელი პოლიტიკოსები პოლიტიკოსებად არ არიან ჩამოყალიბებულები.

ეპისკოპოსის აზრით, მნიშვნელოვანია შერიგება, რადგან „ერთმანეთზე გულისწყვეტით ვერ განვვითარდებით“.

„მე, უბრალოდ, რადგან მინდა, რომ ყველა შერიგდეს, არავის გამოვყოფ და თვითონ ხომ იციან. ოპოზიცია უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში, ნება მაგათია, მაგრამ საერთოდ ასე ქუჩაში გამოტანა, ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ, ხალხი ვერ გამოჰყავთ.

წარმოიდგინეთ, ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? უბრალოდ, გეუბნებით, რამე საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ, რამდენჯერ მეტი გამოვა? იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ისე ჩავერიოთ რა, მაგასაც მოვიფიქრებთ, თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში.

…ყოველი საქმის ბოლო დასაწყისშივე უნდა ეძებოო და მე ვფიქრობ, ის არ იციან, მერე რა იქნება. ერთმანეთს დაეჯახნენ, თითქოს სხვა საქართველო აღარ არსებობდეს.

… თუ შევხედე, რომ ვერ იქცევიან, მე-3 ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მე-3 ძალა,“ განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.